ამ დილის მონაცემებით 69(nice!) კილოგრამს ვიწონი.

29 წლის ასაკში, როგორც იქნა, ჩემი სხეულის წონა მხოლოდ რიცხვია, მიმდინარე, ცვალებადი მოცემულობა და არაფერი მეტი.

ამის მიუხედავად, ახლაც უდიდესი ძალისხმევა მჭირდება, რომ არაფერი გითხრათ იმაზე თუ რამდენი დავიკელი ან მოვიმატე, არ გიამბოთ ჩემი კვების რაციონის, ტანსაცმლის ზომის, სავარჯიშო რუტინის, ჯანსაღი ჩვევების, კუნთის და ცხიმის თანაფარდობის, წელის და თეძოს გარშემოწერილობების პროპორციის, სისხლში ქოლესტერინის ან ინსულინის შემცველობის შესახებ, რომ როგორმე თქვენი ვალიდაცია მოვიპოვო. რომ მითხრათ, რომ ეგ არაფერი, მე მიხდება, მე ლამაზი მსუქანი, ან პირიქით, არასაკმარისად მსუქანი ვარ სიმსუქნეზე სასაუბროდ, რომ დაგიმტკიცოთ, რომ ჯანმრთელი ვარ, ღირებული ვარ, პატივსაცემი ვარ.

ხმამაღა ჩემი წონა პირველად რამდენიმე თვის წინ გამოვაცხადე და გულიდან ალბათ 69 ტონა ლოდი მაინც მოვიშორე. ადრე, სანამ სასწორზე დავდგებოდი ხოლმე, კარს კარგად ვრაზავდი, რომ შემთხვევით ჩემი სირცხვილი არავის დაენახა. გამხდარი გოგოები წონაზე რომ საუბრობდნენ, მე თავს ვიყრუებდი, შემდეგ სახლში მივდიოდი და ერთ მუჭა საფაღარათო საშუალებებს ვსვამდი, რომ იმ დღეს ნაჭამი საჭმელი არ “შემრგებოდა”. მაშინ არ ვიცნობდი მსუქან, ბედნიერ ქალებს; იმ დროიდან ვერც არამსუქან ბედნიერ ქალებს ვიხსენებ, მაგრამ ეგ სხვა საკითხია.

ახლა მე ვარ ბედნიერი, ღირებული, ლამაზი მსუქანი ქალი. ჩემი სხეულის 69-ვე კილოგრამით ვიცინი როცა მიხარია, ვტირი როცა მეტირება, 69-ვე კილოგრამით მიყვარს გამხდარი და მსუქანი საყვარელი ადამიანები, მათი სიგამხდრის თუ სიმსუქნის მიუხედავად. ჩემი სხეულის 69-ვე კილოგრამი იმსახურებს სიყვარულს, პატივისცემას და თანაგრძნობას, დასვენებას როცა დაღლილია, ცივ ლიმონათს როცა სწყურია, ცხელი პურის ყუას ყოველ მიზეზგარეშე. რაც მთავარია, ჩემი, ისევე როგორც ყველა ადამიანის სხეული იმსახურებს საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან მშვიდად თანაარსებობის უფლებას. “მაგრამების” გარეშე.