სხვა ქალები

მეც, როგორც სხვა ქალების უმეტესობას, სხვა ქალებთან თავის შედარების ჩვევა დედის ხაზით, მემკვიდრეობით გადმომეცა.

— ესეთი მსუქანი ვარ? — მახსოვს როგორ იკითხა დედამ ზღვაზე და იქით გაიხედა, საითაც ვიღაც ჯანმრთელი, ლამაზი ქალი ტანსაცმელს იცვლიდა.

10 წლის ვიქნებოდი. მამა ახალი წასული იყო სხვა, დედაზე გამხდარ ქალთან. მაშინ პირველად დავინახე საკუთარ მუცელზე ნაკეცები და სხვა ქალებთან ჩემი თავის შედარება დავიწყე.

თავიდან ყველაფერი შედარებით მარტივი იყო — ეჯიბრი მხოლოდ კარგად სწავლით შემოიფარგლებოდა. მერე, უცებ, ჯერ იყო და სხვა გოგოებს მენსტრუაცია დანარჩენებზე ადრე დაეწყოთ და მკერდიც დანარჩენებზე მეტად გაეზარდათ, შემდეგ რომელიღაცამ შეყვარებული გაიჩინა და ვალენტინობას პირველი ვარდიც მიიღო, მერე რომელიღაცამ პირველად ახსენა სიტყვა “დიეტა” და თუ ბაღში თეფშის ყველაზე სწრაფად მოსუფთავება იყო მიზანი, ახლა ყველაზე მაგარი ის იყო ვინც ყველაზე ნაკლებს, ყველაზე იშვიათად შეჭამდა. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ სამყარო ერთ დიდ, დაუსრულებელ კონკურსად გადაიქცა, რომელშიც მოგება შეუძლებელი, მონაწილეობა კი გარდაუვალი იყო. კრიტერიუმებიც ემატებოდა და ემატებოდა: ვის უკეთესი, უფრო ღია ფერის კანი ჰქონდა; ვის უფრო ნაკლები, უფრო ღია ფერის თმა ჰქონდა სხეულზე; ვის უფრო გრძელი/სქელი/ხვეული/სწორი/ღია/მუქი თმა ჰქონდა თავზე; ვის უფრო პატარა/გრძელი/სწორი/წვრილი ფეხები ჰქონდა; ვის უფრო პატარა/დიდი/დიდი, მაგრამ აწეული ტრაკი ჰქონდა; ვის უფრო დიდი/მრგვალი/თანაბარი/დიდი, მაგრამ მკვრივი მკერდი ჰქონდა; ვის უფრო ნაკლები ცელულიტი ჰქონდა; ვინ უფრო მეტ მაკიაჟს ხმარობა; ვინ უფრო ნაკლებ მაკიაჟს ხმარობდა; ვინ უფრო მეტ ბიჭს მოსწონდა; ვინ უფრო მეტ დიდ ბიჭს მოსწონდა; ვის უფრო მეტი შეყვარებული ჰყავდა (მაგრამ თან როგორღაც ნაკლები შეყვარებულიც ჰყავდა); ვინ უფრო ადრე დაკარგა ქალიშილობა; ვინ უფრო გვიან დაკარგა ქალიშვილობა; ვინ უფრო დედობრივი იყო; ვინ უფრო ნაკლებად დედობრივი იყო; ვინ მეტს სვამდა; ვინ ნაკლებს სვამდა; ვინ უფრო სექსუალური იყო; ვის უფრო მეტი სექსი ჰქონდა; ვის უფრო ნაკლები სექსი ჰქონდა; ვის უკეთესი სექსი ჰქონდა; ვისთან უფრო მეტ ბიჭს უნდოდა სექსი (და თან ნაკლებს ჰქონდა); ვისთან უფრო მეტ ბიჭს უნდოდა სექსი და თან სერიოზული ურთიერთობა; ვის უფრო მეტად ეკიდა სექსი და ურთიერთობები, და კიდევ უამრავი, უამრავი სხვა.

ერთ დღეს მახსოვს როგორ მითხრა ძალიან რომ მომწონდა იმ ბიჭმა ისე, სხვათაშორის: “აი შენ ხო არ ხარ ლამაზი გოგო, სამაგიეროდ შენ საინტერესო გოგო ხარ და ზოგს ეგ უფრო ევასება.” პირადად მას, როგორც შემდეგ გაირკვა, მაინც უფრო ლამაზი გოგოები ევასებოდა, მაგრამ მე ლამაზი გოგოების ლიგიდან საინტერესო გოგოების ლიგაში გადავინაცვლე. აქ ჟიური სხვა იყო და კონკურენციაც უფრო რთული და მრავალშრიანი (საინტერესო გოგოების ლიგაში თამაში სრულად მაინც არ გათავისუფლებდა ლამაზი გოგოების მოვალეობებისგან). დიდი ხანი გავატარე სხვა ქალების ინტელექტთან, განათლებასთან, ემოციურობასთან, ნაკლებად ემოციურობასთან, ხასიათის სირთულესთან ან სიმსუბუქესთან, ტვინის წყობასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, იუმორის ჯერ ზოგად, მერე უფრო დახვეწილ, უფრო სხარტ, უფრო “კაცურ” გრძნობასთან, სპონტანურობასთან, სტაბილურობასთან, თავისუფლებასთან, თავისუფლებასთან მაგრამ ამავდროულად პრინციპულობასთან ჭიდილში. კარგად მახსოვს პირველი ტრანსგენდერი ქალი რომ გავიცანი როგორ გამაბრაზა მისმა სილამაზემ და ამაყმა, თითქმის ქალისთვის გაუგონარმა თვითდაჯერებამ. “ესღა მაკლდა!” ფიქრობდა ჩემი დაქანცული, გადატვირთული, სხვაზე ნაკლებად ლამაზი, სხვაზე ნაკლებად საინტერესო ტვინი და თან საშინლად, საშინლად რცხვენოდა.

ბოლო წვეთი წესით პირველივე წვეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ვგრძნობდი არსებული მოცემულობის აბსურდულობას, დიდი ხანი ყველაფერს მაინც გაუპროტესტებლად ვეგუებოდი — წესების გაუსაჩივრებლად მიღება ხომ ერთ-ერთი საბაზისო გაკვეთილია, რომელსაც ქალებს უსწავლელად, აკვნიდან გვასწავლიან — ამიტომ ბოლო წვეთი ჩემი საკუთარი ორი ყურით მოსმენილი, გაქაფული სჯა-ბაასი აღმოჩნდა იმის შესახებ, თუ როგორ ქალებთანაა უკეთესი ორალური სექსით დაკავება (ქალებთან ორალურ სექსზე საუბარი, თავის მხრივ, უფრო ინტელექტუალი, სექსუალურად თავისუფალი, თვითაღიარებული ფემინისტი კაცების წრეში თუ შედგება, თუმცა მაშინაც ერთგვარი ნიშნისმოგებით, თითქოს ეს აქტი უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობას ან მშივრების დაპურებას უტოლდებოდეს). საუბარი ფსევდო-სამეცნიერო ენისთვის დამახასიათებელი სიმშრალით, ცივილურად მიმდინარეობდა და გემობრივი თვისებების გარშემო ტრიალებდა — მხოლოდ ნაწყვეტებისთვის რომ მოგესმინა ჩავთვლიდი, რომ ღვინისა და კერძების შეხამებაზე იყო საუბარი. ვიჯექი და მორჩილად ვუსმენდი განხილვას იმის შესახებ, თუ რომელი კვების რაციონი, წარმომავლობა, კანის ფერი, ასაკი და ცხოვრების წესი განაპირობებს საუკეთესო, უფრო მისაღებ, უფრო კეთილხმოვან არომატებს. იმ პერიოდშიც, როგორც ყოველთვის, უფრო გამხდარ, უფრო ნაკლებად მომთხოვნ, უფრო სექსუალურ, უფრო თავისუფალ, უფრო ჭკვიან ქალად ქცევის პროცესში ვიყავი, ამიტომ ჯერ ზუსტად არ ვიცოდი რა უნდა გამეპროტესტებინა ან როგორი ფორმით, მაგრამ ვიცოდი რომ გული მერეოდა. სახლში რომ მივედი ტანსაცმელი გავიხადე, სარკის წინ დავდექი და ძალიან დიდხანს, მოთქმით ვიტირე საკუთარი თავი, სხეული და ნერვები, ყველა ჩემსავით განსჯილ, დამარცხებულ, სასწორზე, საზომზე, საოპერაციო მაგიდაზე, ყასბის დახლზე, აბანოში შეგდებულ, დანაწევრებულ ქალთან ერთად.

მსოფლიოში დაბადებულ ყოველ 100 ქალზე საშუალოდ 107 კაცი მოდის, თუმცა ამის მიუხედავად კაცებს ცხოვრების ყველა პატარა ასპექტში გაუთავებელი კონკურენცია სულაც არ მოეთხოვებათ. მსოფლიო თანხმდება, რომ მასში ყველანაირი გარეგნობის, გონებრივი მონაცემების, ამბიციების კაცისთვის საკმარისი ადგილი და საკმარისი ქალია. ამის მიუხედავად კარგად მახსოვს თინეიჯერობისას პოპულარული მითი, რომ თითქოს სამყაროში ცოტა კაცია და ამიტომ ქალებმა განსაკუთრებით, სხვა ქალებზე მეტად უნდა მოვინდომოთ მათი მოპოვება და შენარჩუნება: ზუსტად საკმარისი, არც ერთი მისხალით მეტი ყუადღების მიცემით, სექსში ზუსტად საჭირო დოზით აღვირახსნილობით, ზუსტად საჭირო რაოდენობის შვილის გაჩენით,ზუსტად საჭირო დროს პატიებით/მუშაობით/გათავებით, ზუსტად საჭირო დოზით მოვლით, სამუდამოდ ამოუხსნელ ასუცნობიან განტოლებად დარჩენით, სწორად ცეკვით, სწორად ჭამით, სწორად დალევით, სწორად სუნთქვით, სწორად სიკვდილით. ქალების სურვილი გვერდით კონკრეტული თვისებების მატარებელი კაცები ჰყავდეთ ზედმეტ პრეტენზიებად, კაპრიზებად, არარეალურად მაღალ სტანდარტებად განიხილება. წყვილებში გაჩენილი პრობლემების დროს ქალებს მუდმივად მოთმინებისკენ მოუწოდებენ, რომ კაცები სხვა — უფრო ლამაზმა, უფრო სექსუალურმა, უფრო მომთმენმა ქალებმა არ წაართვან; კაცების ყურადღება ხომ ქალის წარმატების ერთადერთი საზომია, მისი დაკარგვა კი სხვა ქალების წინაშე დამარცხებას ნიშნავს.

სხვა ქალის მითი ქალების წინააღმდეგ ყველაზე დიდი, ყველაზე უნამუსო შეთქმულებაა. სხვა ქალის სახე მტრის, მაცდურის, ეშმაკის სახეა, რომელსაც რეალურად არსებული უსამართლობების ნაცვლად ვებრძვით დაბადებიდან სიკვდილამდე. სინამდვილეში სხვა ქალები მხოლოდ ჩვენნაირი ადამიანები არიან უხეშად ჩვენნაირი შეგრძნებებით, მისწრაფებებით, აზრებით და სურვილებით. მითს სხვა ქალების შესახებ პატარა ეგოიანი, სუსტი კაცები იყენებენ ერთეულების ჯოგიდან გამოსარჩევად, უკან ჩამოსატოვებლად და ყელში, თბილ არტერიაში დასატაკებლად. “შენ სხვა ქალებს არ გავხარ, შენ სხვანაირი, განსაკუთრებული ხარ” — გვეუბნებიან და ჩვენც გამორჩეულად ვგრძნობთ თავს სხვების ფონზე. ცუდების. მახინჯების. მომთხოვნების. უვარგისების. მსუქნების. უტვინოების. ბოზების.

ჩვენზე ლამაზი, ჩვენზე ჭვიანი, ჩვენზე კეთილი ქალები ყოველთვის არსებობდნენ, ახლაც არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ ვერც ერთი სარკე ვერასოდეს გვეტყვის ვინ არის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე. შესაძლებელი რომც იყოს როგორმე ერთის, ყველაზე უკეთესის არჩევა, რა საჭირო იქნებოდა ან რა კარგს მოგვიტანდა ამის ცოდნა? სამყარო ერთი ნაჭერი ნამცხვარი არ არის რომ მხოლოდ ერთი ჩვენგანისთვის იყოს საკმარისი, და არც აიწონა-დაიწონაა რომ სხვისი დაცემა ჩვენს ამაღლებას უტოლდებოდეს. სხვა ქალების წარუმატებლობა ჩვენს წარმატებას არ განაპირობებს, სხვა ქალების დამარცხება ჩვენი გამარჯვების წინაპირობა არ არის და არც სხვა ქალების სიცუდე ნიშნავს მაინცდამაინც ჩვენს სიკარგეს. სამყაროში წარმატება, ბედნიერება და სიყვარული ყველასთვის, ყველასთვის საკმარისია. ამიტომ უკვე დიდი ხანია დროა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ომი რომელშიც მისი ვერც ერთი მონაწილე ვერასოდეს გაიმარჯვებს და დაიმსხვრეს სხვების სიცუდეზე აგებული ილუზია ჩვენი სიკარგის შესახებ. ან, თუ მაინცდამაინც თავის ვინმესთვის შედარება, კონკურენცია, ბრძოლა და მეტოქეობა გვინდა, კაცების არსებობის შესახებაც ნუ დაგვავიწყდება.