ორიოდე სიტყვა სიტყვის თავისუფლებაზე

7 ივლისს, რესპექტაბელურმა ამერიკულმა გამოცემა “ჰარპერსმა” გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელსაც 150 მწერალი და საჯარო პირი აწერს ხელს. მათ შორის არიან ნოამ ჩომსკი, მარგარეტ ეტვუდი, გლორია სტეინემი, სალმან რაშდი და სხვები. წერილში საუბარია საზოგადოების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებულ შეტევებზე, რომლებიც “ასუსტებს ღია დებატების ნორმებსა და განსხვავებების მიმღებლობას იდეოლოგიური კონფორმიზმის სასარგებლოდ”. წერილში ვკითხულობთ, რომ “ლიბერალური საზოგადოების მამოძრავებელი ძალა — ინფორმაციისა და იდეების თავისუფალი მიმოცვლა — დღითი დღე უფრო და უფრო შეზღუდული ხდება”. “დებატებისა და კამათის შეზღუდვა, რეპრესიული მთავრობის მიერ იქნება თუ არატოლერანტული საზოგადოების მხრიდან, უპირობოდ აზარალებს ძალაუფლების არმქონეებს და ყველას ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისათვის.”

ამ მსჯლობის პარალელურად, გთავაზობთ ქართული კონტექსტისთვის რელევანტურ რამდენიმე მაგალითს, რათა უკეთ გავიგოთ რა არის და არ არის სიტყვის თავისუფლება და უნებლიედ წინ არ გადავეღობოთ იდეების თავისუფალ მიმოცვლას ლიბერალურ საზოგადოებაში.

1

სიტყვის თავისუფლების ჭრილში განვიხილოთ მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურული საზოგადოების თაობების ჯახის, მამათა და შვილთა პაექრობის მაგალითები.

თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვის “შეშლილის” თარგმანი სიტყვის თავისუფლებაა.

ილია ჭავჭავაძის წერილი “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან ‘შეშლილის’ თარგმანზედა” სიტყვის თავისუფლება არ არის, რადგან იგი თავს ესხმის თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის სიტყვის თავისუფლებას და ზღუდავს მას.

გრიგოლ ორბელიანის “პასუხი შვილთა” (“ჰე, განუსჯელნო, უმადლო შვილნო, საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო, სადღაც მიმალვით, რას ჰროტავთ, ჰკნავით, გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?” და ა.შ.) სიტყვის თავისუფლებაა, რადგან იგი თავდაპირველ, თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის სიტყვის თავისუფლებას იცავს ილიასა და სხვათა უთავისუფლო სიტყვისაგან.

სიტყვის თავისუფლება არ არის არც ილია ჭავჭავაძის “პასუხის პასუხი” და აკაკი წერეთლის “ხარაბუზა გენერლის ვნებანი”, რადგან ისინი ორმაგად ილაშქრებენ ჯერ ერისთავის, ხოლო შემდეგ ორბელიანის სიტყვების თავისუფლების წინააღმდეგაც და ამით იდეების მიმოცვლისათვის არატოლერანტულ კლიმატს ქმნიან.

2

სიტყვის თავისუფლების ჭრილში განვიხილოთ ბასიანის ბრძოლამდელი მოვლენები, ლადო ასათიანის პოემის მოტივებზე.

რუქნადინის წერილი თამარ მეფეს (“მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი, გამცნობ ქართველთა მეფესა {მეფეთა გადამჯეგელი}, რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი” და ა.შ.) სიტყვის თავისუფლებაა.

თამარ მეფის პასუხი რუქნადინს (“ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი, კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი… მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავად გაიგე და მიხვდი, მოვდივარ ჩემის ლაშქრითა, თუ ვაჟკაცი ხარ, დამიხვდი” და ა.შ.) სიტყვის თავისუფლება არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის არც ზაქარია მხარგრძელის მიერ ელჩისათვის გაწნილი სილა:

“სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო,

ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: — რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო,

და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი,

გომდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი”

მეტიც, ეს ქმედება შეგვიძლია ძალადობად და ცალსახა პროვოკაციად განვიხილოთ.

3

სიტყვის თავისუფლების ჭრილში განვიხილოთ მარკ ტვენის “ტომ სოიერის” ბევრისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი დასაწყისი.

- ტომ!

პასუხი არ არის.

ამ მაგალითში ორივე სტრიქონი შეგვიძლია სიტყვის თავისუფლებად განვიხილოთ. მიმართვა “ტომ” ცალსახად სიტყვის თაისუფლებაა, ისევე როგორც პასუხი, რადგან ის არ არის.