გერდა; ედმუნდ დულაკის ილუსტაცია.

გერდა და კაი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ და ხშირად თამაშობენ ერთად. ერთ ცივ ზამთარს ბავშვების სოფეს ყინულის დედოფალი გადაუფრენს და კაის თვალში მისი ჯადოსნური სარკის ნატეხი ჩაუვარდება, რომელიც ყველაფერს უკუღმა, დამახინჯებულად უჩვენებს. მოჯადოებული კაი გერდას ეუხეშება, ყინულის დედოფალს მარხილში უჯდება და მასთან ერთად ჩრდილოეთ პოლუსისკენ მიფრინავს. გერდა მეგობრის საპოვნელად და გადასარჩენად ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა მიეშურება და გზად უამრავ ფათერაკს გადაეყრება. ზღაპრის ბოლოს, როდესაც მრავალგასაჭირგამოვლილი გერდა ჩრდილოეთ პოლუსამდე ჩააღწევს და ყინულის დედოფლის სასახლეში შეაღწევს, კაი მას კიდევ ერთხელ ჰკრავს ხელს. გულნატკენი გერდა ტირილს იწყებს, მისი თბილი ცრემლები კაის თვალში უვარდება, ყინულის ნატეხთან ერთად გაყინულ გულსაც ულღობს და ბავშვები შინ მშვიდობით ბრუნდებიან. ჭირი იქა, ლხინი აქა.

დღესაც არ ვარ დარწმუნებული ჩადო თუ არა ჰანს ქრისტიან ანდერსენმა საბავშვო ზღაპარში იმდენი სიმბოლიზმი რამდენიც მე დავინახე და გავისიგრძეგანე, მაგრამ გერდას პერსონაჟი ჩემთვის სუფთა ჰაერის პირველი ყლუპივით იყო. თუ ზღაპრის ჩემთვის მანამდე ნაცნობი გმირები კოშკებში ისხდნენ, ძაფს ართავდნენ და მორჩილად ელოდნენ უფლისწულებს, გერდა მამაცი, აქტიური პერსონაჟი იყო, რომელიც არ უშინდებოდა ბოროტ ჯადოქრებს, სიცივეს, მანძილს, ქურდებს და სხვა საფრთხეებს და, პოლარულ ირემზე ამხედრებულს, თავად შეეძლო სხვების გადარჩენა. თანაც როგორ?! გოგოობის ყველაზე პირველყოფილი, ყველაზე სამარცხვინო გამოვლინებით — ცრემლებით.

რომ გავიზარდე, გერდა ჩემი სასიყვარულო მისწრაფებების მთავარ არქეტიპად იქცა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ გერდასგან განსხვავებით, ჩემი ეპოპეების მტკივნეული უმრავლესობა ჩანასახშივე მარცხს განიცდიდა. როგორც აღმოჩნდებოდა ხოლმე, ჩემგან გადარჩენის მოლოდინში ჩრდილოეთში არავინ იწვოდა და ვერც ჩემი საქმენი საგმირონი და ცრემლები ალღობდნენ გულებს. მე გმირი კი არა, ზედმეტად მონდომებული, ზედმეტად პირდაპირი, ზედმეტად ზედმეტი ვიყავი. ყინულის დედოფალი, ვინც ან რაც არ უნდა ყოფილიყო ის, ყოველთვის იმარჯვებდა. მეც ყოველ ჯერზე კუდამოძუებული ვბრუნდებოდი უკან, ტანჯვით, გვემით და მოთქმა-გოდებით, თუმცა, მეგობრების გულის გასახეთქად, გულს ბოლომდე მაინც არ ვიტეხდი და ადრე თუ გვიან თავიდან ვისხამდი აბჯარს. შედეგად უფრო და უფრო ხშირად ვისმენდი ჯერ ტაქტიან, შემდეგ კი თითქმის უხეშ მოწოდებებს, რომ იქნებ ამჯერად ნაკლებად აქტიური, ნაკლებად პირდაპირი, ნაკლებად ჩემი თავი ვყოფილიყავი და მიმეცა პრინცებისთვის ჩემი აქეთ გადარჩენის სივრცე, საშუალება და სურვილი.

ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ეს მოდელი ყველასთვის კარგად არის ნაცნობი — პრინცს მოსწონს პრინცესა და მისი ყურადღების მისაპყრობად სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვას არ უშინდება. მრავალგვარი პროგრესის მიუხედავად, ურთიერთობების წამოწყების ეს არქაული ფორმა მაინც ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. პოპულარული კულტურა სავსეა კაცების ჩადენილი, რომანტიკული საგმირო საქმეებით, სიურპრიზებით და ინიციატივებით, ქალები კი კოშკებში სხედან და ან იღებენ, ან უარყოფენ ამ ყურადღებას. იმის მიუხედავად, რომ თავად ურთიერთობაში როლები შესაძლოა სხვანაირად გადანაწილდეს, ინიციაციის, პირველი ნაბიჯის გადადგმის როლი მაინც მეტწილად კაცებს ეკისრებათ.

რატომ? რა განაპირობებს და განამტკიცებს ურთიერთობების წამოწყების ამ გაცვეთილ ფორმას? რატომ ევალებათ კაცებს, მათი ტემპერამენტის მიუხედავად, სულ დომინანტური როლის შეთავსება, ქალებს კი ყოველთვის მეორად პოზიციაში ყოფნა, ხშირად საკუთარი სურვილების დათრგუნვის ფასად?

სურვილი

ბიჭებს და გოგოებს სურვილების მართვას ბავშვობიდან განსხვავებულად ასწავლიან. კაცების მხრიდან სურვილის ღიად დაფიქსირება აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. მას არსებობის ყველა ასპექტში თავისუფლად შეუძლია იყოს სუბიექტი — მთავარი მოქმედი პირი, რომელიც თავად იბრძვის იმისათვის რაც სურს და არ ელოდება როდის მივა მთა მასთან.

ქალებს სურვილების ღიად გამოხატვა, როგორც წესი, შეზღუდული აქვთ და მათი სურვილები მხოლოდ კაცების სურვილებთან რეაქციაში ვლინდება. ქალს ევალება არა ისურვოს, არამედ თავად იყოს სასურველი — იქცეს ობიექტად, რომლის მოპოვების, გადარჩენის და ჩარჩოში ჩასმის სურვილიც რაც შეიძლება მეტ კაცს გაუჩნდება, რომ შემდეგ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის გააკეთოს პასიური არჩევანი. შედეგად ტენდენციურ სექსუალურ დინამიკას ვიღებთ, სადაც ერთ მხარეს ხელოვნურად გაზრდილ მოთხოვნას, მეორე მხარეს კი ხელოვნურად შემცირებულ მიწოდებას ვხედავთ, გაიაფებული ტურფის პრინციპით სურვილის ხელოვნურად მოთოკვის საფუძველზე.

უარი

ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ქალისა და კაცის ლიბიდოს გარშემო არსებული მითებიდან გამომდინარე, კაცები საკმაოდ მარტივად სწავლობენ, რომ რადგანაც მათთვის სასურველი რაღაც აპრიორი დეფიციტშია, მათი სურვილები ყოველთვის ვერ დაკმაყოფილდება და შესაბამისად, უარსაც მალევე ეგუებიან (ნუ, თეორიაში მაინც). უარი უბრალოდ პატარა დაბრკოლებაა, რომელიც სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდებათ ხოლმე, ამიტომ კაცები უარს არ უშინდებიან და პარტნიორის არჩევისას არჩევანს ამის გამო არ იზღუდავენ. კაცებს სასურველი პარტნიორის არჩევაში და ინტერესის გამოხატვაში სრული თავისუფლება აქვთ და მათი ღირებულება მხოლოდ სასურველი პარტნიორის მოპოვების სირთულით ან შეუძლებლობით არ განისაზღვრება.

ჰეტეროსექსუალი ქალებისთვის ამ ფრონტზე უარი ნაცნობი მოვლენა არ არის; თუ შენს ხელთ არსებული რესურსი მოთხოვნადი და დეფიციტურია, მისი სხვისთვის აქტიურად შეთავაზების საჭიროება არ არსებობს. ამიტომ, ხშირად ქალები ცხოვრების დიდ ნაწილს ხელოვნურად შექმნილ, დაცულ ნაჭუჭში ატარებენ, რომელშიც უარის მიღება და მასთან გამკლავება შეუძლებელი თუ არა, საკმაოდ რთული ნამდვილად არის. მართალია ამ ნაჭუჭში ქალებს პოტენციური მეწყვილეების მხოლოდ იმ პორციიდან შეუძლიათ არჩევა, რომელიც ინტერესს პირველი თავად გამოთქვამს, მაგრამ ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმიცაა, რომელიც პასიურ როლში მყოფ ქალებს სასიყვარულო იმედგაცრუებას გარკვეულწილად არიდებს. შესაბამისად, ქალის რომანტიკული ღირებულება კაცების მხრიდან გამოთქმულ ინტერესზე საკმაოდ მჭიდროდ არის მიბმული.

არჩევანი

ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, ქალები თავისუფლების მთავარ კომპონენტს — არჩევანის თავისუფლებას კარგავენ. არსებული წესრიგის მიზანიც სწორედ ეს არის — ეს საუკუნოვანი, მკაცრად განსაზღვრული ფორმულაა, მკვეთრი იერარქიით და კარგად განსაზღვრული როლებით, რომლის მიხედვითაც “ქონების” დანაწილება უკვე საუკუნეებია ერთი პრინციპით ხდება — “ალფა” მამრებს ყველაზე ლამაზი, ყველაზე პატიოსანი, ყველაზე სასურველი ქალები ერგებათ. არჩევანის ქალის ხელში ჩავარდნა, პირველ რიგში, ზუსტად ამ, კაცების დამყარებულ, კაცებისათვის ნაცნობ და მეტად ხელსაყრელ წესრიგს უქმნის საფრთხეს, საფრთხეს, რომ ყველაზე “ქალური” ქალები ყველაზე “კაცურ” კაცებს არ აირჩევენ.

ის ერთეულები, რომლებიც დინების წინააღმდეგ ცდილობენ ცურვას და მოქმედ წესებს არ ემორჩილებიან, საზოგადოების მხრიდან ისჯებიან, ქალები “ბოზის” და “ყვერებიანი ქალის”, კაცები კი “ვაჟიშვილის” და “ ქალაჩუნას” მსგავსი იარლიყებით, დაახლოებით ისე, როგორც სოციალური წესრიგის სხვა განდეგილნი, ლესბოსელები (რომლებიც მოცემული წესრიგის მთავარ აქტორებს, კაცებს “არ ათამაშებენ” და მაჩო წესრიგისგან განსხვავებულ წესრიგს ამყარებენ) და გეები (რომლებიც თავის თავში წესრიგის მთავარ დამამყარებლებზე, კაცებზე მათივე დაწერილი წესებით გამარჯვების, მათი “მონადირების” საფრთხეს შეიცავენ). სწორედ ამიტომ, ის ჰეტეროსექსუალი ქალებიც კი, რომლებიც არ უშინდებიან წესების სიმკაცრეს და თავად დგამენ პირველ ნაბიჯებს, ამას ხშირად ერთგვარი მორიდებით აკეთებენ, საზოგადოების თვალში ნაწილობრივ მათი არჩეული კაცების კაცობა, ნაწილობრივ კი მათივე სასურველობა რომ არ დადგეს ეჭვქვეშ.

ამ ყველაფერს არ ეხმარება ის ფაქტიც, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში კონკიას, ფიფქიას და მძინარე მზეთუნახავის — რამდენიც გინდა, გერდას პროტოტიპი კი თითქმის არ არის. რეალობაში არა ჯადოსნურად სამართლიანი, არამედ უსამართლო, მოძველებული სამართალი მოქმედებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მამაც, ყველაზე დამოუკიდებელ, ყველაზე მებრძოლ გოგოებსაც კი კოშკში კეტავს და სართავი ძაფის ამარად ტოვებს. რეალურ გერდებს ამუნათებენ, არცხვენენ, “ქალის ადგილზე” პირდაპირ და ირიბად მიუთითებენ ან სულაც სახლიდან არ უშვებენ, ჩრდილოეთ პოლუსზე რომ აღარაფერი ითქვას.

არადა თითქოს, გულის სიღრმეში მაინც, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს წმინდად “ქალური” და “კაცური” თვისებები, მხოლოდ ნასწავლი, ირიბად მოწოდებული, ძვლებში გამჯდარი წარმოდგენები იმის შესახებ რა უნდა და რა არ უნდა აკეთოს ქალმა ან კაცმა. ზუსტად ეს არაპირდაპირი ზეწოლაა კაცებში გადამეტებული, უკონტროლო სურვილის ტოქსიკური მეტასტაზის, ქალებში კი ლოტოსის ფეხის მსგავსი, ატროფირებული უმოქმედობის მიზეზი.

სურვილი, გინდოდეს რაც და ვინც გინდა, მოურიდებლად და აქტიურად, და მისთვის დაბრკოლებების გადასალახადაც იყო მზად, “კაცური” სულაც არ არის, ისევე, როგორც პასიურობა არ არის “ქალური” და მითუმეტეს — სამარცხვინო. სამარცხვინო და ტრაგიკული მხოლოდ რაც გვინდა იმის ნაცვლად რაც უნდა იმის კეთებაა, მიუხედავად იმისა, როგორი გენიტალიებით თუ ქრომოსომებით დავიბადეთ.

ცივილიზაცია დრომოჭმული ტრადიციების, წესების და კანონების გადახედვის მუდმივ პროცესშია. ასე გავთავისუფლდით მონობისგან, ასე მოვიპოვეთ ქალებმა ხმის უფლება და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიბრძვით რასიზმის, სექსიზმის, ჰომოფობიის და სხვა უსამართლობების წინააღმდეგ. თუმცა, ზოგი ჩაგვრა უფრო ზედაპირულია, უფრო მარტივად შესამჩნევი და ხელშესახები. ჩვევაში გადასული, ირიბი უსამართლობების დანახვა და განსწავლა უფრო რთულია, რადგან “მტერი” ჩვენს შიგნით არის, ჩვენს ჩვევებზე და მოგონებებზე სარეველასავით გადახლართული და ფესვგადგმული.

გამჯდარი ჩვევების შეცვლა ადვილი არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. მთავარია არ დაგვეზაროს და ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავებს, ან თუნდაც სხვებს, თუ რა არის ამა თუ იმ წესის საფუძველი და ვის ემსახურება ესა თუ ის ნორმა. ჩვენი ჩვევების რა ნაწილია ჩვენი, და რა — თავსმოხვეული? რატომ არ ტირიან ბიჭები? რატომ ითვლება ქალის სისუსტე მის სიძლიერედ? თანაბრად რატომ არ ვასწავლით გოგოებს და ბიჭებს დამოუკიდებლობას, დასახული მიზნებისკენ სწრაფვას, ზრუნვას, სიყვარულს და მოთმინებას? რა მოხდებოდა მხოლოდ ჩვენი საკუთარი სურვილები და მისწრაფებები რომ განსაზღვრავდეს ჩვენს ადგილს საზოგადოებაში და ჩვენს როლებს ერთმანეთის გვერდზე?