არ თხოვდები?

უიმე, როგორ გაზრდილხარ! გაფურჩქნულხარ, დამშვენებულხარ… რომელ კლასში ხარ? ხო არ თხოვდები?

გილოცავ სკოლის დამთავრებას! რა ჯობია ყმაწვილქალობას, ახალგაზრდობას, ყველაფერი წინ გაქვს, ცხოვრება ახლა იწყება… აწი შეგიძლია გათხოვდე კიდევაც!

აჰა, უნივერსიტეტიც დაგიმთავრებია. გილოცავ, გილოცავ, უმაღლესი მაგარია, განათლებულ ქალს რა ჯობია, აწი უკეთესად გათხოვდები!

მაგისტრატურაზე ჩააბარე? შენ კიდევ სწავლა გინდოდა? ამდენი სწავლაც არ ვარგა, ჰაჰა, არა ეხლა, სწავლა კი კარგია, როგორ არა, მე რას მასწავლი, სწავლას რა ჯობია, მაგრამ დროა გათხოვებაზეც დაფიქრდე, თორე ხო იცი, ზედმეტი არაფერი ვარგა, თავისზე ნასწავლს აღარავინ წაგიყვანს.

გავიგე მუშაობა დაგიწია. მუშაობა მშვენიერია, წარმატებული კარიერაც გადასარევია, მაგრამ გათხოვების ხარჯზე არ ვარგა, ხო იცი, ჯერ გათხოვება და მერე — სხვა ყველაფერი.

ქმარს გაშორებულხარ, მითხრეს. ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, მაგრამ რას იზამ, ხდება ხოლმე, ეგ არაფერი კაცო, ეგ არაფერი. მერე რა, მერე რა. ახლა ადგები და თავიდან გათხოვდები.

გავიგე ლესბოსელი ყოფილხარ. არა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როგორ გეკადრება, პირიქით, რა ჯობია ლესბოსელობას, ჰაჰ, 21-ე საუკუნეა ბოლოს და ბოლოს… ერთი ის მითხარი, ლესბოსელები როგორ თხოვდებით?

ტრანს…როგორ? ა, კი, გასაგებია, როგორ არა, როგორ არ ვიცი რომ შეიძლება კაცის სხეულში დაიბადო და თავს ქალად გრძნობდე, როგორ არ მესმის, მესმის. ანუ ახლა… ქალი ხარ? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. და, გოგო, გათხოვებას არ აპირებ?

გავიგე მსოფლიო რეკორდი დაგიმყარებია. გეყოფა ეხლა, მორჩი, ამდენი სპორტი რად გინდა, დაიკუნთები და მერე აღარავინ გითხოვს, ხო იცი კაცებს ეშინიათ კუნთიანი ქალების და ვეღარ გათხოვდები.

ჰაჰ, გავიგე კოსმოსში წასულხარ! კოსმოსი მაგარია, რა ჯობია კოსმოსს, დედამიწას ზემოდან დაინახავ, ვარსკვლავების მტვერს ჩაისუნთქავ, უწონადობას გამოცდი, მაგრამ გათხოვებას აღარ აპირებ? დაგიგვიანდება მერე და დარჩები ჰაერში გამოკიდებული, აჰაჰაჰა!

მსოფლიოში მშვიდობას ამყარებსო, შენზე მითხრეს. მშვიდობა ჩემზე ძალიან არავის უყვარს ბატონო, მშვიდობა ვის არ გვინდა, მშვიდობის სადრეგრძელოს ქართველები პირველს ვსვამთ ხოლმე, მაგრამ მშვიდობაზე ვერ გათხოვდები. ჯერ გათხოვება, მერე მშვიდობა, როგორც გამოვა.

რას აიჩემე ეს კიბოს წამალი, კიბოს წამალი. კიბოს წამალი მოგიყვანს ცოლად?

აჰა, ნობელის პრემიაც აგიღია, აი ახლა მაინც რაღა უდგას წინ გათხოვებას? შეყვარებული მაინც არ გყავს?

ომი მოიგოო ხმები მომივიდა. მალადეც! მაგრამ პირად ფრონტზე რა ხდება? აღარ თხოვდები? იცოდე, ოჯახი ქალისთვის მთავარი გამარჯვებაა.

გავიგე ატომი გაგიხლეჩია, ახლა ის დროა, ოჯახური ჭაპანი წამოიკიდო და ქმარს გაუხლიჩო ხოლმე ატმები, აბა?!

მეფეთ მეფეობა და დედოფალთ დედოფლობა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობათა მპყრობელობა ცუდი არ არის, ნამდვილად, ქალისთვის განსაკუთრებით. ყოჩაღ, ახლა კარგი ქმარი შეგხვდება, ოღონდ იჩქარე, გათხოვებას მოცდა არ უყვარს.

ეს გათხოვება კი კარგია ბატონო, შვილები, ოჯახი, რა ჯობია, მოსიყვარულე ქმარი, რაღაცა, მაგრამ აღარ უნდა გათხოვდე? გათხოვებას გათხოვება კი არ უდგას წინ?!

ეს სიკვდილი რა არის, ახალი მოდაა? გეგონა ფიზიკური სხეულის უკან მოტოვება და ცათა სასუფეველში შესვლა გიშველიდა? ნურას უკაცრავად! გაჩე ეხლა, გეყოფა, ადექი, გათხოვდი და მერე რაც გინდა ის გიქნია.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store